ლიხნის წარწერა

სოფელი ლიხნი,აფხაზეთის უკანასკნელი მთავრობის–შერვაშიძეების რეზიდენცია,მდებარეობს გუდაუთის აღმოსავლეთით 5კმ–ზე. XIX–ს–ის ლიტერატურაში მას ზოგჯერ "სოუქ–სუს"უწოდებენ.ეს სახელი მისთვის დაურქმევიათ აფხაზეთის უკანასკნელ მთავრობას მიხეილს და საფარ–ბეის,რომლებიც აქ დასახლებულან ცივი წყაროს მახლობლად,რასაც ნიშნავს სწორედ "სოუქ–სუ".
აფხაზეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს შორის,განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ლიხნის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი,რომელიც აგებულია X– XI სს. მიჯნაზე.მან თითქმის უცვლელი და თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენს დრომდე.ესაა დიდი ზომის ცენტრალურ–გუმბათოვანი ნაგებობა,ფართე–მაღალი და განური კარიბჭეებით სამ მხარეს.ტაძრის გადახურვაც ძველია–აქ გამოყენებულია კრამიტი რელიეფური ჯვრებით შემკული ანტეფიქსებით,რაც ასე დამახასიათებელია სწორედ X– XI საუკუნეებისათვის.ტაძრის შიდა კედლები დაფარულია მაღალი დონის ფრესკული მხატვრობით,რომელიც XIVს–ით თარიღდება.ლიხნის მონასტრის ერთ–ერთი პირველი მკვლევარი,პროფესორი ა.ს. ბაშკიროვი აღნიშნავდა,რომ მასში "იგრძნობა" მაღალმხატვრული ეპოქა და ძლიერი ოსტატობა,ხოლო აკადემიკოს ა.პ. სევეროვს ეს მონასტერი იშვიათ ნაგებობად მიაჩნდა,არა მარტო აფხაზეთში,არამედ მთელ კავკასიაში.ლიხნის მონასტერი დღესაც ანცვიფრებს მნახველს ფორმის სიმკაცრით,პროპორციის ჰარმონიულობითა და სიზუსტით,რაც მისი ამშენებლის უდავო ოსტატობაზე მიუთითებს.
ლიხნის მონასტერი მრავალი ისტორიული,თუ ბუნებრივი მოვლენის მომსწრეა,ეს მოვლენები აქტიურად აღიბეჭდებოდა ამ ტაძრის კედლებზე.განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის წარწერები კი,ტაძრის დასავლეთის კედელზეა შიდა მხარეს საღებავით მიწერილი.
ეს წარწერები მოთავსებული იყო,ხოლო ზოგიერთი ამჯამადაც მოთავსებულია ტაძრის დასავლეთი ნაწილის მეორე სართულზე–ქორედის კედლებზე,აღმოსავლეთის,სამხრეთისა და დასავლეთის მონაკვეთებში.ქორედის სამხრეთით მნახველს თვალწინ დაუდგება კედელზე წითელი,შავი და ლურჯი საღებავებით,მსხვილი ასომთავრულით და მოხდენილი გარდამავალი მხედრულით მიწერილი ძველი ქართული წარწერები–შარავანდიანი ვარსკვლავის(კომეტის) გამოჩენის შესახებ 1066 წელს. 


ლიხნი.შარავანდიანი ვარსკვლავის (კომეტის) გამოჩენის წარწერის ფრაგმენტი.




ამ წარწერის ერთ–ერთი მკველვარის, ფრანგი ქართველოლოგის, მარი ბროსეს თარგმანის მიხედვით–წარწერაში საუბარია კომეტაზე,რომელიც რვა დღის განმავლობაში ჩანდა.ქართული პასკალური წელთაღრიცხვის 286 წელი გვაძლევს ჩვენი წელთაღრიცხვით 1066 წელს.ასევე წარწერაში მოხსენიებულია ისტორიული ფაქტი,რომ იმ დროს მეფობდა ბაგრატ გიორგის ძე,სწორედ,რომ გიორგი I–ის მემკვიდრე,ბაგრატ IV ტახტზე ავიდა 1028 წელს,შესაბამისად,მისი მეფობის 38–ე წელი მოდის ასევე 1066 წელზე.და ბოლოს,წარწერაში იკითხება პერიოდი,ბზობიდან მთვარის შევსებამდე და ზუსტად,1066 წელს აღდგომა დადგა 16 აპრილს,ბზობა–9 აპრილს.მაშასადამე,9–16 აპრილი კომეტის გამოჩენის პერიოდია.აქვე აღსანიშნავია,მარი ბროსეს სიტყვებიც–"არ ვიცი,ასტრონომებმა იციან თუ არა რაიმე ამ კომეტის შეახებ,მაგრამ მე ეს ცნობა სარწმუნოდ მიმაჩნია."
სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში ასტრონომებისა და ისტორიკოსების მიერ კარგა ხანია გარკვეულია,რომ ლიხნის წარწერაში აღნიშნულია ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კომეტის, ე.წ. "ჰალეის კომეტის" მორიგი გამოჩენის ფაქტი.წარწერაში დაფიქსირებულია ამ კომეტის დედამიწიდან ხილვადობის სფეროში გამოჩენის 31 შემთხვევიდან ერთ–ერთი,რომელსაც ადგილი ჰქონია 1066 წელს.
სწორედ 1066 წელს,კომეტის გამოჩენა ისეთი ძლიერ შთამბეჭდავი და გრანდიოზული სანახავი ყოფილა,რომ ჩვენთვის უცნობ ქრონისტს საჭიროდ ჩაუთვლია მისი გამოჩნის ზუსტი,ზედმიწევნით დაფიქსირება,თანაც ტაძრის კედელზე,უბედურებისაგან თავდასაცავი და ღმთისადმი ლოცვა–ვედრების აღვლენის ადგილას.
პირველად ევროპელ მკითხევლს ლიხნის მონასტრის არსებობის შესახებ შეტყობინება ფრანგმა მეცნიერმა და მოგზაურმა–ფრედერიკ დებუა დე მონპერემ მიაწოდა,რომელმაც პრადად იხილა მონასტერი 1833 წელს.მის წიგნში–"მოგზაურობა კავკასიის გარშემო" ვკითხულობთ: "მე დავათვალიერე უძველესი,ლიხნის მონასტერი მიხეილ–ბეგის მამულში(მხედველობაში აქვს აფხაზეთის მთავარი მიხეილ ჩაჩბა შერვაშიძე),იგი სასახლიდან ორასი ნაბიჯის მოშორებით მდებარეობს.მონასტერი საკმაოდ კარგადაა შემონახული;აგებულია ბიჭვინთის ეკლესიის გეგმის მიხედვით,მაგრამ უფრო უბრალოა და ზომითაც მცირე.მისი სტილი ბიზანტიურია; საშენ მასალად გამოყენებულია ყვითელი ფერის ქვა,რომელიც უხვად მოიპოვებოდა მეზობელ მთებში,შიგნითა კედლები ფრესკებითაა დაფარული."


ფრედერიკ დებუა დე მონპერემ არა მარტო აღწერა ლიხნის მონასტერი,არამედ შექმნა ნახატი,სადაც ასახულია მონასტრის საერთო ხედი.


ფრედერიკ დებუა დე მონპერეს ნახატი.



სამწუხაროდ,უნდა აღინიშნოს,რომ აფხაზეთის სასულიერო პირებმა მხედველობაში არ მიიღეს ცნობილ მეცნიერთა აზრი, ლიხნის მონასტრის მხატვრული ღირებულების შესახებ.ამას შედეგად მოჰყვა ის,რომ აღდგენითი სამუშაოების დროს,რომელიც მიმდინარეობდა  XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში,ფრესკების ნაწილი ვარსკვლავ–კომეტის შესახებ თეთრად გაღებეს.